მშვილდ-ისარი


მშვილდ-ისარის გამოგონება, კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურად ითვლება.
მშვილდი უძველესი იარაღთაგანია. არქეოლოგიური მასალით, ჩვენში მისი გამოყენება,  გვიანი პალეოლითის ხანაში დასტურდება.
მშვილდოსნობის ცოდნა საქართველოში, ოდითგანვე, მეომრის ერთერთ მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენდა. კარგ მშვილდოსანს სრულად შეჭურვილი მოწინააღმდეგის ან მსხვილი ნადირის განგმირვა არ უნდა გასჭირვებოდა. ეს ხელობა დიდ ფიზიკურ ძალას, მოხერხებულობას და გამძლეობას მოითხოვდა.
ფრანგი მოგზაურის, ჟან ბატისტ ტავერნიეს თქმით: “ქართველები შვილდ–ისარს ხმარობენ საოცარი სიმარდით და მთელს აზიაში საუკეთესო სახელი აქვთ განთქმული”.
განსაკუთრებული დასაბუთება არც ჭირდება იმ ფაქტს, რომ ნიადაგ მებრძოლი ხალხის ყოფიერებაში გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა მშვილდის, იმ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი სასროლი იარაღის დამზადებისა და მოხმარების ცოდნას.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ თოფის გამოჩენამდე ეს იყო პრაქტიკულად სრულყოფილი იარაღი.
ჩვენს წყაროებში თოფი XV საუკუნის მიწურულს ჩნდება, მაგრამ მშვილდი კიდევ დიდხანს არ თმობდა პოზიციებს. მშვილდის დამზადებისა და მოხმარების ცოდნა იმდენად მაღალი დონისა იყო ჩვენში, რომ თვით XIX საუკუნის ცეცხლსასროლ იარაღსაც კი უწევდა ღირსეულ მეტოქეობას.
შორსმსროლელობით იგი იმდროინდელ თოფს დიდად არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო სწრაფმსროლელობით კი აღემატებოდა კიდეც (დახელოვნებული მსროლელი წუთში ოცამდე ისრის გატყორცნას ასწრებდა).
მოწინააღმდეგის დაზიანების თვალსაზრისით მას აგრეთვე გარკვეული უპირატესობა გააჩნდა – სამსტოვრო ოპერაციის დროს უხმაურო იყო, ხოლო საგანგებო შხამში ამოვლებული ისარი, მცირე განაკაწრის შემთხვევაშიაც კი, სწრაფ დამბლას იწვევდა.

სირთულის მიხედვით მშვილდი სამ ძირითად სახეობად უნდა დაიყოს – მარტივად, რთულად და რთულშედგენილად.
– მარტივად
ითვლება ერთი ტოტისგან გათლილი და დამუშავებული (ნაკელში, ღვინოში, ბუყში, ჭვავის ნახარშში და სხვა) მშვილდი.
– რთულ მშვილდს, რომელიც შედგება მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან, მარგი ქმედების გასაძლიერებლად დამატებული აქვს ლითონის სარტყლები, დახვეული აქვს ძარღვი, მყესი, ტყავი, აშკი და მისთანანი.
– რთულშედგენილი მშვილდი იმდროინდელი ტექნოლოგიის თავისებური კრებულია. მის საფუძველს წარმოადგენს რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის, რქის, ძვლის, ლითონის ფენების საკმაოდ რთული თანაწყობა. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.
 ცალკე ხელობა იყო ისრის გათლა.


საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ისრის წვერი კაჟისაა და პალეოლითის ხანას მიეკუთვნება.
ისარი შედგებოდა ბუნიკის, ზროსა (ოკა) და ფრთისაგან. სიგრძე მერყეობდა 60–დან 90 სანტიმეტრამდე, დანიშნულების შესაბამისად (მაგალითად შეჭურვილი მეტოქის, მხედრობის წინააღმდეგ თუ სხვა).
ისართა ბუნიკებს მრავალგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).
ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განლაგება (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.).
სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).
ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან, ან გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი.
საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი, ორბი და სხვ.) თბე (ფრთა). თბე აუცილებლად ერთი მხრისა უნდა იყოს.

მშვილდის საბამი ანუ ლარი მზადდებიდა  სხვადასხვა მცენარული თუ ცხოველური მასალისგან, უმეტესდ ცხენის ძუისაგან.
რაც შეეხება მშვილდის გამოყენების ტექნიკას – როგორც წესი მშვილდი ეჭირათ მარცხენა ხელში ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხოლო ლარი უნდა მოიზიდოს მარჯვენათი. მოზიდვის ხერხები კი ინდივიდუალურია, არსებობს მისი სხვადასხვა მეთოდები. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმძლავრისაა მშვილდი.

გამოყენებულია მასალა: www.mtavari.ge-დან









 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon